რა კავშირი აქვს ძალაუფლებას, გავლენას, ფულსა და ბაზარს კულტურის კაპიტალთან? რამდენად განსაზღვრავს სახელოვნებო ინსტიტუციების ფუნქციონირებას რეალური კაპიტალი? როგორ დეტერმინირებს ხელოვნების დისკურსს ინსტიტუციური კავშირები? - ფილოსოფოსების მიერ დასმულ ამ კითხვებს, როგორც ვნახეთ, არტისტებიც ჩაუღრმავდნენ. პოსტსტრუქტურალისტური და კრიტიკული თეორიების გავრცელება ვიზუალური ხელოვნების სფეროში ნათლად აისახა ინსტიტუციური კრიტიკის ორი ემბლემატური არტისტის - დანიელ ბურენისა და ჰანს ჰააკეს შემოქმედებაში.ფრანც ჰააკე, რომლის სახელიც მუზეუმებისა და ბიზნესის ურთიერთობის დემითოლოგიასთან ასოცირდება, პირველი არტისტი იყო, რომელმაც მხატვრულ მეთოდად ჟურნალისტური გამოძიების პრინციპი გამოიყენა.

ჰააკეს შემოქმედების იდეოლოგიურ ბაზას ცვლილების კონცეფცია წარმოადგენდა: „მნიშვნელოვანი განსხვავება მინიმალისტურ ქანადაკებასა და ჩემს ინსტალაციებს შორის ის იყო, რომ მათ ინერტულობა აინტერესებდათ, მე კი - ცვლილება“.

ჰანს ჰააკე 1971

1960-იანების დასაწყისში „ნატურალისტი“ ჰააკე სერიოზულად დაინტერესდა სისტემების ფუნქციონირებით. ამ გატაცების ინსპირატორი იყო ჯეკ ბურნჰამი (Jack Burnham), რომელსაც ჰააკე პირველად 1962 წელს შეხვდა. იგი ცენტრალური ფიგურა იყო სისტემების ესთეტიკის თეორიზაციის პროცეში. 1968 წელს გამოდის ბურნჰამის ყველაზე ცნობილი ნაშრომი - ''Beyond Modern Sculpture: The Effects of Science and Technology on the Sculpture of This Century'' („თანამედროვე სკულპტურის მიღმა: მეცნიერებისა და ტექნოლოგიის გავლენა ამ საუკუნის ქანდაკებაზე“). მოდერნისტული ქანდაკების განხილვა წიგნში სრულდება დასკვნით, რომლის თანახმადაც, სისტემა გახდება არტისტული მედიუმი (მხატვრული ტექნიკა /საშუალება) და სწორედ ეს იქცევა ხელოვნების სამომავლო განვითარების განმსაზღვრელ მიმართულებად. ამ თემას ბურნჰამი უფრო ფართოდ განიხილავს ესეში ''Systems Esthetic''. სისტემების ესთეტიკის კონცეპტი იყო მისი მცდელობა, სისტემების რუბრიკით ერთიანობაში განეხილა არტისტულ, ტექნოლოგიურ და სოციალურ საკითხებთან დაკავშირებული პრობლემები, რომლებიც ერთნაირად აწუხებს განსხვავებულ ჯგუფებს არტისტების, მეცნიერების და სოციოლოგების ჩათვლით. ეს იყო არტისტთა რეაქციის ვიდეოარტში მანიფესტირებული ერთგვარი ანგარიში. იგი აღნიშნავდა, რომ სისტემური აზროვნებისკენ არტისტული შემობრუნების მიზეზი ღია სისტემებისა და კომუნიკაციური ქსელებისადმი საზოგადოების მზარდი ინტერესი იყო. ბურნქჰამთან მეგობრობის და თანამშრომლობის შედეგად ჰააკეს სისტემებისადმი კონკრეტული ხედვა ჩამოუყალიბდა. ის თვლიდა, რომ სამყარო გლობალურად შეიძლება დაიყოს სამ ან ოთხ კატეგორიად (ფიზიკური, ბიოლოგიური, სოციალური და ბიჰევიორული). მათ შორის არის ურთიერთკავშირი, მაგრამ იერარქია არ არსებობს და მთლიანი სისტემის გასაგებად თითოეული მნიშვნელოვანია.

უბრალოდ, გარკვეულ დროს, თვლიდა ჰააკე, „ერთი უფრო საინტერესო ხდება შენთვის“, ვიდრე - მეორე. 1960-იანების მიწურულს მისთვის საინტერესო გახდა სოციალური სისტემები (მანამდე ბუნებრივი სისტემების შესწავლით იყო დაკავებული, ამიტომაც ნატურალისტს ეძახდნენ).

კრიტიკოს ჟანა სიგელისთვის მიცემულ ინტერვიუში ჰააკე განმარტავს, როგორ ფუნქციონირებს განსხვავებული სისტემები და მათ კონკრეტული ინსტალაციების მაგალითზე განიხილავს. ეს ინტერვიუ ფაქტობრივად პასუხს იძლევა შეკითხვაზე - რა კავშირია ცვლილებებს, სისტემებსა და მის ხელოვნებას შორის: „ფიზიკური თუ ბიოლოგიური პროცესი არ საჭიროებს მაყურებლის დასწრებას (თუ მისი ენერგია არ სჭირდება, მაშინ მაყურებელი უკვე სისტემის ფიზიკური გარემოს აუცილებელი შემადგენელი ხდება), ისევე როგორც, არანაირი აუცილებელობას არ წარმოადგენს ვინმეს მენტალური ჩართულობა. ეს სისტემები დამოუკიდებლად ფუნქციონირებს, რადგანაც მათი მუშაობა დაკავშირებული არ არის მაყურებლის გონებასთან (თუმცა ის არ პრევენცირებს გონებრივ თუ ემოციურ რეფლექსიას). მაგრამ სოციალური სიტუაციები სხვაგვარად ეწყობა. აქ პროცესი მხოლოდ და უშუალოდ ადამიანის გონებასთან არის დაკავშირებული, მონაწილეთა გარეშე არანაირი სოციალური გარემო თუ პირობები არ არსებობს“.

ჰააკეს ყველა პროექტი სკანდალური მხილებაა. სწორედ მან გამოავლინა უშუალო კავშირი მუზეუმებსა და შავ მაგნატებს შორის, რომლებიც დიდ გავლენას ახდენ კულტურის პოლიტიკაზე.

1970 წელს, ტაკისის სკანდალის შემდეგ ზუსტად ერთ წელიწადში, ნიუ იორკის MoMA კვლავ ყურადღების ცენტრში აღმოჩნდა. კურატორ ქინასთონ მაკშაინის მიერ ორგანიზებული გამოფენა ''Information''-ი ამერიკული მუზეუმის მიერ მოწყობილი კონცეპტუალური ხელოვნების პირველი გამოფენა იყო. ჰააკე ამ შოუზე წარმოდგენილი იყო ინსტალაცით - MoMA Poll („გამოკითხვა მომაში“).

ავტორმა მას განმარტებაც წაუმძღვარა: „სისტემა, როგორც ხელოვნება: კითხვა, ალგორითმი პასუხებისთვის, ვიზუალური უკუგება“.

„შესაძლებელია იუმორით მიუდგეთ იმ ფაქტს, რომ გამოკითხვა ტარდება მუზეუმში, რომელიც დაარსებულია გუბერნატორის დედის მიერ, იმართება მისი ძმის მიერ, ხოლო თავად გუბერნატორი და მისი ოჯახის სხვა წევრები განაგებენ მუზეუმის მნიშვნელოვან ფინანსურ და ადმინისტრაციულ ოპერაციებს მისი დაარსების დღიდან, ანუ 40 წლის განმავლობაში.“

ემილი გენაუერი

ავტორმა მას განმარტებაც წაუმძღვარა: „სისტემა, როგორც ხელოვნება: კითხვა, ალგორითმი პასუხებისთვის, ვიზუალური უკუგება“. კედელზე იყო წარწერა: „თქვენს გადაწყვეტილებაზე - ნოემბრის არჩევნებზე ხმა მისცეთ ნელსონ როკფელერს, იმოქმედებს თუ არა ის ფაქტი, რომ გუბერნატორი როკფელერი ინდოჩინეთში რიჩარდ ნიქსონის პოლიტიკას არ გმობს?“ გამოფენის დამთვალიერებლებს შეეძლოთ აერჩიათ პასუხი: „დიახ” ან „არა”, და ბიულეტენი სპეციალურ ორგმინის ყუთებში ჩაეგდოთ.

გამოფენის დახურვის დღეს ხმების საერთო რაოდენობა შემდეგნაირად გადანაწილდა: პასუხი „დიახ” - 68,7% ; პასუხი „არა” - 31,3%.

MoMA Poll-ის კომენტირებისას ჰააკე აღნიშნავს, რომ ემილი გენაუერის გონებამახვილურმა პატარა პარაგრაფმა ყველაზე კარგად ახსნა ინსტალაციის კონტექსტი, რომელიც პოლიტიკურად მოუმზადებელი მუზეუმის ვიზიტორებისთვის გაუგებარი იყო: „შეიძლება იუმორით მიუდგეთ იმ ფაქტს, რომ გამოკითხვა ტარდება მუზეუმში, რომელიც დააარსა გუბერნატორის დედამ, მართავს მისი ძმა, ხოლო თავად გუბერნატორი და მისი ოჯახის სხვა წევრები დაარსების დღიდან, ანუ 40 წლის განმავლობაში, მუზეუმის მნიშვნელოვან ფინანსურ და ადმინისტრაციულ ოპერაციებს განაგებენ“.

ჰააკესთვის MOMA Poll ნიქსონისა და როქფელერის ინდოჩინეთის ომში ჩართულობით კონტურირებულ, კონკრეტულ, პოლიტიკურ სიტუაციაზე დაფუძნებული ინსტალაციაა, რომელსაც რეალური სოციალურ-პოლიტიკური ენერგია აქვს: „მე ძალიან მაინტერესებს ინფორმაციის ენერგია. საჭირო დროს საჭირო ადგილზე წარმოდგენილ ინფორმაციას დიდი ძალა აქვს, მისი ეფექტი ზოგადად სოციალურ ქსოვილზე აისახება. ინფორმაცია დამკვიდრებული მაღალი კულტურის მიღმა მოქმედებს. ვერ ვიტყვი, რომ მხატვრები რაიმე რეალურ ძალას ფლობენ, დიდი-დიდი საზოგადოების ნაწილის ყურადღება მიიპყრონ, მაგრამ ნათქვამია: წყლის წვეთი ქვას ხეთქავსო. როდესაც „ნამდვილ მასალასთან“ მუშაობ, პოტენციურ შედეგებზეც უნდა იფიქრო. რეალური დროის სისტემებთან მუშაობისას თქვენ სცდებით დუშამის პოზიციებს, რეალური დროის სისტემები ორმაგი აგენტებია. ისინი შესაძლებელია ხელოვნების სათაურით ოპერირებდნენ, მაგრამ ეს კულტურალიზაცია მათ ხელს არ უშლის, რომ ჩვეულებისამებრ/ნორმალურად იმოქმედონ“. ინსტალაციაMOMA Poll-ს მუზეუმში გაცილებით მეტი ენერგია აქვს, ვიდრე ექნებოდა ქუჩაში.

MoMA Poll 1970 სისტემა, როგორც ხელოვნება: კითხვა, ალგორითმი პასუხებისთვის, ვიზუალური უკუგება

MoMA-ს პრეზიდენტი და მუზეუმის (board of trustees) რწმუნებულთა საბჭოს წევრი, ნელსონ როკფელერი ამავე დროს ნიუ იორკის შტატის გუბერნატორი იყო და ამავე თანამდებობაზე მეორე ვადით აპირებდა ბალატირებას. უოტერგეიტის სკანდალის შედეგად ნიქსონის გადაყენების შემდეგ პრეზიდენტი გახდა ჯერალდ ფორდი, ხოლო ნელსონ როკფელერმა ვიცე-პრეზიდენტის პოსტი დაიკავა.

ეს ინსტალაცია, ერთი მხრივ, ფუნქციონირებდა, როგორც უშუალო პოლიტიკური გამოკითხვა და ხაზს უსვამდა ვიეტნამის თემის აქტუალობას, მეორე მხრივ, წარმოადგენდა ინსტიტუციურ კრიტიკასაც, რადგან როკფელერი არა მარტო გუბერნატორი იყო, არამედ მუზეუმის პრეზიდენტი და წარმომადგენლობითი საბჭოს წევრი.

970 წელს ვიეტნამის ომი ჯერ კიდევ მიმდინარეობდა, ჰააკე, რომელმაც სამიზნედ MoMA-ს ბორდი ამოირჩია, ცდილობდა ეჩვენებინა, თუ როგორ არის ეს კონკრეტული მუზეუმი დაკავშირებული ამ პოლიტიკურ მოვლენასთან. მუზეუმის მმართველის პოლიტიკური მრწამსის ლუსტრაციით, მან წარმოაჩინა უხილავი ქსელი რომლიც აშკარა პოლიტიკას ხელოვნებასთან აკავშირებს - ეს მხოლოდ დასაწყისი იყო...