დასაწყისი - ნიუ იორკული არტსცენის სიტუაცია

1960-იანი წლების ნეოავანგარდი, პირველ რიგში, აბსტრაქტული ექსპრესიონიზმის გავლენისა და დამკვიდრებული პოზიციის წინააღმდეგ იყო მიმართული. ამერიკელმა ახალგაზრდებმა ზურგი შეაქციეს გურუს _ კლემენტ გრინბერგს, თავიდან აღმოაჩინეს დუშამი და მისი იდეებით შეიარაღებულები შეტევაზე გადავიდნენ. მათ მტკიცე უარი თქვეს გრინბერგის ავტონომიური ხელოვნების კონცეფციაზე, უნივერსალიზმზე, სოციალურ-პოლიტიკურ ინდეფერენტულობაზე, ისევე, როგორც მაღალი ხელოვნებისა და „დიდი მხატვრის“ იდეაზე. სულ უფრო იზრდებოდა ამ არტისტების ინტერესი პოლიტიკური, კულტურული და ეკონომიკური ძალაუფლების ურთიერთდამოკიდებულების მიმართ. ამიტომ კლემენტ გრინბერგის პოზიცია, რომ კაპიტალისტური კიჩისა და საბჭოთა პროპაგანდის იზოლირების გარანტი მხოლოდ აპოლიტიკური ხელოვნებაა, მათთვის კატეგორიულად მიუღებელი იყო.

უნივერსიტეტების კონსერვატიულობის წინააღმდეგ მიმართული სტუდენტური პროტესტის კვალზე მხატვრებმა პროტესტს მიმართეს და გააკრიტიკეს არტ ინსტიტუციები, განსაკუთრებით მუზეუმები, რომლებიც ვიეტნამის ომზე პასუხისმგებელი პოლიტიკურ-ეკონომიკური სისტემის ნაწილს წარმოადგენდა.

Clement Greenberg

Clement Greenberg (1909-1994)

End your silence
Martin Luther King
Activists in city

1968 წელი - რობერტ კენედის და მარტინ ლუთერ კინგის მკვლელობა

1965 წლის ივნისში ნიუ იორკ თაიმსმა გამოაქვეყნა ხელოვანთა ღია წერილი "End Your Silence" („შეწყვიტე დუმილი“). მიმართვას ხელს აწერდა ხუთასზე მეტი არტისტი, მწერალი და მუსიკოსი, რომლებიც ხელისუფლების პოლიტიკას აპროტესტებდნენ და მოითხოვდნენ ომის დაუყოვნებლივ შეწყვეტას ვიეტნამში.

პოლიტიკური სიტუაცია შტატებში სულ უფრო მწვავდებოდა. 1967 წელს ვაშინგტონში ომის საწინააღმდეგო დემონსტრაციაში მონაწილეობა მიიღო 90 000-მა ადამიანმა. ამერიკის სხვადასხვა ქალაქში იზრდებოდა რასობრივი არეულობები, რომლებიც პოლიციელებისა და შავკანიანი მოსახლეობის სისხლიან შეტაკებებში გადაიზარდა. მოგვიანებით ამას მოჰყვა დემონსტრაციები უნივერსიტეტებშიც.

1968 წელს მოკლეს რობერტ კენედი და მარტინ ლუთერ კინგი, პროტესტის კულმინაციამ მიაღწია 1969 წელს, როდესაც ვაშინგტონში ვიეტნამის ომის საწინააღმდეგო დემონსტრაციაში უკვე ნახევარ მილიონზე მეტმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. ამ მოვლენებმა განაპირობა არტისტების აქტიური ჩართულობა და პოლიტიკისა და ხელოვნების ურთიერთკავშირის თემამ განსაკუთრებული აქტუალობა შეიძინა.

არტისტები სერიოზულად დაფიქრდნენ, თუ რა როლს თამაშობს ხელოვნება შავების, ქალებისა და სტუდენტების პროტესტში და რა კავშირია ვიეტნამის ომსა და მუზეუმების პოლიტიკას შორის. სწორედ მოვლენათა ამ მორევში დაიბადა Art Workers’ Coalition (AWC) ხელოვნების მუშაკთა კოალიცია. თუმცა მას წინ უძღოდა ერთი კონკრეტული ინციდენტი.

1968 წლის 27 ნოემბერს ნიუ იორკის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში (MOMA) გაიხსნა გამოფენა "The Machine as Seen at the End of the Mechanical Age". ეს იყო ცნობილი კურატორის პონტუს ჰულტერის (Pontus Hulten, Moderna Museet, Stockholm) გრანდიოზული პროექტი, რომელშიც 200-ზე მეტი განსხვავებულ მედიაში შესრულებული ხელოვნების ნიმუში (დიურერის გრავიურებიდან დაწყებული მე-20 საუკუნის სამოციანელთა თაობის მხატვრების ჩათვლით) ერთი იდეის გარშემო გაერთიანდა — რა რეფლექსია ჰპოვა ხელოვნებაში ადამიანის დამოკიდებულებამ მანქანების მიმართ. კატალოგის ტექსტი ასახავს ჰულტენის ინოვაციურ მიდგომას და მის მიერ ჩატარებული კვლევის მასშტაბს.

End your silence

“The Machine as Seen at the End of the Mechanical Age”

End your silence

Panayiotis Vassilakis

End your silence

Takis Telesculpture - 1960

Pontus Hultén

Pontus Hultén

Bates Lowry

Bates Lowry

1969 წლის 3 იანვარს, ზუსტად 3:45 საათზე, ექვსკაციანი ჯგუფი, რომელსაც ავტორი, არტისტი ვასილაკის ტაკისი (Panayiotis Vassilakis Takis) ხელმძღვანელობდა, MOMA-ში შეიჭრა და თავისი ქანდაკება გამოფენიდან მოხსნა. ტაკისის პროტესტი გამოიწვია მუზეუმის ავტორიტარულმა ქმედებამ. მხატვარი შეურაცხყოფილი იყო მუზეუმის დამოკიდებულებით - ნამუშევარი ავტორთან შეუთანხმებლად შეარჩიეს და გამოფენაზე გაიტანეს. 1960 წელს შექმნილი ქანდაკება - Telesculpture არ ასახავდა ტაკისის იმჟამინდელ მიგნებებს, ხედვასა და პოზიციას, ამიტომ მან ჰულტენსაც და მუზეუმის ადმინისტრაციასაც თხოვნით მიმართა, რომ ქანდაკება მის მიერ შეთავაზებული ექსპონატით შეეცვალათ. ერთთვიანი ლოდინის შემდეგ კი გადაწყვიტა რადიკალურად ემოქმედა. მეგობრების დახმარებით დეინსტალირებული ქანდაკება მუზეუმის ეზოში ჩაიტანა და იქვე მოაწყო მჯდომარე საპროტესტო აქცია. ამ სიტუაციაში არავისთვისაა გასაკვირი მუზეუმის ადმინისტრაციის პოზიცია, საკვირველია, რომ ეს დაპირისპირება მოხდა გამოფენაზე, რომლის კურატორიც, პონტუს ჰულტერი, სტოკჰოლმის მუზეუმის რეფორმატორი დირექტორი იყო. გამოფენის კატალოგის ტექსტს ის ამ სიტყვებით ასრულებს: „ნათელია, რომ სასურველი გადაწყვეტილებების მიღებას, რომლებიც საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაზე იმოქმედებს, მომავალში შეძლებენ და ეს განხორციელდება ტექნოლოგიების მეშვეობით. ვიმედოვნებ, რომ ეს გადაწყვეტილებები დაფუძნებული იქნება ადამიანის ინდივიდუალური შესაძლებლობებისა და თავისუფლების პატივისცემის კრიტერიუმებზე, რომლებიც პრივალირებს ხელოვნებაში“

ეს ააშკარავებს ჰულტენს, როგორც ინსაიდერსა და სისტემის ნაწილს. ჰულტენისთვის ასევე მთავარი იყო მისი, როგორც კურატორის, ერთპიროვნული ხედვა, რომელშიც ნიველირებული იყო მხატვრის, როგორც ინდივიდის თავისუფლება.

End your silence
End your silence
End your silence
crowd sitting in front of government women with text
Wounded people
People at Luther King's Speech
People at Luther King's Speech

მუზეუმის შიდა ეზოში აქციის სწრაფად მზარდ, ცნობისმოყვარე აუდიტორიას ურიგდებოდა ფლაერები, რომლებზეც განმარტებული იყო პროტესტის ოთხი მიზეზი:

  1. ცოცხალ მხატვართა გამოფენა მათი თანხმობის გარეშე.
  2. კონტროლის დონე, რომელსაც მუზეუმები და გალერეები ცოცხალი მხატვრების ნამუშევრებზე ახორციელებენ.
  3. მუზეუმის ადმინისტრაციის მიერ მხატვართა შეხედულების უგულებელყოფა ინსტალაციის პროცესში.
  4. მუზეუმების მიერ საავტორო უფლებათა იგნორირება (ფოტოები და სხვა მასალები).

ტაკისი ასევე მოითხოვდა, რომ მისი ქანდაკება — "Tele-Sculpture" მოხსნილიყო არა მარტო ამ გამოფენიდან, არამედ მისი თანხმობის გარეშე აღარასდროს გამოფენილიყო MOMA-ში. გარდა ამისა, ტაკისის პროტესტანტებმა მოითხოვეს მუზეუმში საჯარო დისკუსიის გამართვა მუზეუმისა და მხატვრის პრობლემური დამოკიდებულებების შესახებ. საბოლოოდ, მხატვარი შეხვდა MOMA-ს მაშინდელ დირექტორს, რომელიც დაჰპირდა, რომ მისი ქანდაკება აღარ გამოიფინებოდა, ხოლო ღია დიკუსიის იდეას მუზეუმი აუცილებლად სერიოზულად განიხილავდა.

ამ სკანდალს მოჰყვა პროტესტის ტალღა ხელოვნების სამყაროში. არტისტები, დონალდ ჯადი, ჯოსეფ კოშუტი, კარლ ანდრე, ლეონ გოლუბი, ნენსი სპერო აქტიურად ჩაერთვნენ დიკუსიების ორგანიზებაში. ამ აქტივობას მაშინვე დაერქვა Art Workers’ Coalition (ხელოვნების მუშაკთა კოალიცია), რომლის მთავარი მიზანი მუზეუმების საგამოფენო პოლიტიკის შეცვლა და მხატვართა როლის გაზრდა იყო (საგამოფენო პოლიტიკაში, გადაწყვეტილების მიღებაში და ა.შ. მხატვრების უშუალო მონაწილეობა).

1969 წლის 10 აპრილს კოალიციამ ღია განხილვა მოაწყო, რომელსაც ესწრებოდა სამასზე მეტი არტისტი და კრიტიკოსი. არტისტები აკრიტიკებდნენ ადგილობრივი მუზეუმების პოლიტიკას და მოითხოვდნენ თავისუფალი შესვლის დამკვიდრებას. მხატვარ კარლ ანდრეს პოზიცია გაცილებით რადიკალური იყო: „არტისტთა პრობლემების გადაწყვეტა არ გადის MoMA-ს ტურნიკეტზე, პრობლემის გადაჭრის გზა ხელოვნების ინსტიტუციებისგან გათავისუფლებაშია“. იგი ითხოვდა ალტერნატიული, არტისტული საზოგადოებრივი სივრცის შექმნას ხელოვნების ნიმუშების ცირკულაციიდან ამოღების გზით.

AWC-მა კოლექტიურად მოამზადა მოთხოვნების ნუსხა. მას, ფაქტობრივად, მანიფესტის ფუნქცია ჰქონდა, "Statement of Demands" და ნიუ იორკის ყველა დიდ მუზეუმს გაუგზავნა. აღმოჩნდა, რომ არტისტთა მოთხოვნები არ იყო იგნორირებული. ძალიან მალე მეტროპოლიტენის მუზეუმმა (Metropolitan Museum of Art), ისევე როგორც, ზოგიერთმა სხვამ, დააწესა "free day" - კვირაში ერთი დღე მუზეუმში შესვლა უფასო გახდა. მოგვიანებით, 70-იანების მეორე ნახევრიდან, მუზეუმებმა ფერადკანიან მხატვრებსაც გაუღეს კარი.

ანდრეს რადიკალური პათოსი კოალიციის პოზიციას არ ასახავდა. არტისტთა უმეტესობას სულ არ უნდოდა ასე შორს წასვლა. ერთი იყო მუზეუმის პოლიტიკის (შესყიდვებისა და გამოფენების) კრიტიკა და სულ სხვა იყო ამ ინსტიტუციაზე უარის თქმა. ამ გაერთიანების წევრებისთვის რაიმე სპეციფიკური მოთხოვნა პოლიტიკურ აქტივიზმსა და არტპრაქტიკას შორის თავს არავის მოუხვევია, ეს არ იყო კოალიციის მამოძრავებელი სიტუაციონისტებისგან განსხვავებით. აქ მკვეთრად იმიჯნებოდა ორი თემა: პოლიტიკური აქტივობა, როგორც მოქალაქეობრივი ვალი და არტისტული პრაქტიკის ავტონომია. საერთო ჯამში, კოალიციის მიმართულება ზომიერი და რეალისტური იყო, ხოლო მთავარ სამიზნედ ისევ მუზეუმები რჩებოდა.

End your silence