New

Media Art

დაკარგულის მაძიებლები

ჟან ფრანსუა ლიოტარი 1980-იან წლებში ავითრებს პოსმოდერნული ხელოვნების ესთეტიკურ თეორიას. სადაც ის მიუთითებს, რომ გამოსახულებას და ხელოვნებას აღარ შეუძლია უარყოს წარმოების და რეპროდუცირების ტექნომეცნიერული საშუალებები, ლიოტარი ასრულებს თავის წიგნს იმანენტური ამაღლებულის იდეის განხილვით, ამაღლებულით, რომელიც არ არის ანალოგი აბსოლუტურად დიადი ტრანსცენდენტურის, მაგრამ არის ახალი. აბსტრაქტული ავანგარდული ხელოვნების გარდა ის სულიერების თემას ხელოვნებაში ახალ ტექნოლოგიებთან მიმართებაშიც ახსენებს. ამ თეორიის აბსოლუტური ანალოგიაა ამერიკელი მულტიმედია არტისტი ბილ ვიოლაა.

ბილ ვიოლა მედია ხელოვნების ერთ-ერთი პიონერი და ალბათ, ყველაზე ცნობილი ცოცხალი ვიდეო არტისტია. ის ქმნის ტოტალურ ინტერაქტიულ გარემოდ ორგანიზებულ მედიტაციურ კომპოზიციებს და ასახავს ეგზისტენციალური ხასიათის საკითხებს: რა არის სიცოცხლე, სიკვდილი და უკვდავება, როგორია თანამედროვე სამყაროში პროფანაციასა და წმინდას შორის ურთიერთობა.

ბილ ვიოლა
Bill Viola
ჟან ფრანსუა ლიოტარი
Jean-Francois Lyotard
(1924-1998)

ბილ ვიოლა, თანმიმდევრული მხატვარია. მის მიერ შექმნილი მხატვრული სამყაროს მთლიანობა ეჭვგარეშეა. ესთეტიკური, სტრუქტურირებული და ემოციურად მდიდარი ასე დავახასიათებდი მის შემოქმედებას. ვიოლას ხელოვნების არსის გასაგებად, ჯერ უნდა შევხედოთ როგორ განვითარდა ტექნოლოგიები, რომლებმაც განსაზღვრეს ვიდეო არტის ადგილი თანამედროვე ხელოვნების სისტემაში. ვიოლამ თავისი პირველი ნამუშევრები 1970-იანი წლების დასაწყისში შექმნა. "ეს იყო სრულიად ახალი ტექნოლოგია - ჯერ კიდევ ძალიან მოუხერხებელი და პრიმიტიული", - განუცხადა მან The Guardian-ს რამდენიმე წლის წინ. – “ყველაფერი შემოიფარგლებოდა წითელი ღილაკით, რომელზეც უნდა დაეჭირა ჩაწერის დასაწყებად. მაგრამ, როდესაც პირველად დავაჭირე და ეკრანზე ცისფერი ბზინვარება დავინახე, რომელიც წინ უსწრებდა გამოსახულების გამოჩენას, მივხვდი, რომ ამას მთელი ცხოვრება ვაკეთებდი” (ბილ ვიოლა, The Guardian 2018).

გარდა ამისა, ტექნოლოგიური პროგრესი აგრძელებდა ხელოვანის იდეოლოგიურ ევოლუციას და ის თავად დაშორდა ემპირიულ რეალობას და ვიდეოს დახმარებით თვითდაკვირვების კონცეპტუალურ პრაქტიკას, რათა მიუახლოვდეს, ასე ვთქვათ, სულიერ სამეფოს და ამაღლებულს.

2001 წელს შექმნილი პროექტი ნათლად ასახავს მხატვრის ძიებებს მიმართულებას და მიღწევებს. „ხუთი ანგელოზი ათასწლეულისთვის“ “Five Angels for the Millennium“ არის ინსტალაცია, რომელიც მოიცავს ხუთ ვიდეოს. გამოსახულება დიდ მასშტაბში პროექცირებულია ბნელი სივრცის კედლებზე. ხუთივე ვიდეოს საკუთარი სახელი გააჩნია: მიმავალი ანგელოზი, დაბადების ანგელოზი, ცეცხლოვანი ანგელოზი, აღმავალი ანგელოზი და შემოქმედების ანგელოზი. თითოეულ ვიდეოში ნაჩვენებია ჩაცმული მამაკაცის ფიგურა, რომელიც ამოდის და ეშვება წყლის აუზში არარეგულარული ინტერვალებით. ხუთივე ფილმში მოქმედება წარმოდგენილია შენელებულ რეჟიმში და თითოეულში ადამიანი და წყალი ნაჩვენებია ერთ ფერში, რომელიც დროთა განმავლობაში იცვლება თითოეულ ფილმში ცისფერ და მწვანე ტონებსა და მუქ, სისხლის ფერ წითელს შორის. ეს ფერები ხაზგასმულია კაშკაშა თეთრისა და შავი ფერის კონტრასტული უბნებით. თითოეულ პროექციას ახლავს ინდივიდუალური აუდიო ჩანაწერი, რომელიც ასახავს წყალქვეშა ხმებს, საუნდი თანდათან აღწევს კრესჩენდოს, რომელიც მთავრდება "შუქისა და ხმის უეცარი აფეთქებით", როდესაც ფიგურა წყლიდან გამოდის

Bill Viola, Five Angels for the Millennium 2001

ტონი ოურსლერი

Tony Oursler Oursler @ AROS

ვიდეო არტის კიდევ ერთი პიონერი ამერიკელი არტისტი ტონი ოუსლერი ცნობილია თავისი ექსპერიმენტალური პროექტებით. ეს არის არტისტი და მკლევარი, რომელიც მუდმივ ძიებაშია. მოძრავი გამოსახულების მედიაში ფესვგადმული განსხვავებული ტექნოლოგიების გამოყენებით ის ქმნის კოსმოსს, რომლიც ასახავს ჯადოსნურ ლამპიონებს, ვიქტორიანული სინათლის შოუებს, კამერა ობსკურას და აურატიკული სალონის ხრიკებს და ყველაფერი ეს შერწყმულია უახლეს ტექნოლოგიებთან. ოუსლერმა შეიმუშავა მუდმივად განვითარებადი მულტიმედიური აუდიო-ვიზუალური პრაქტიკა, რომლის არსენალშიც არის კვლევა, კომპიუტერები, ვიდეო ეკრანები, ქანდაკებები და ოპტიკური მოწყობილობები. მეცნიერებისა და სპირიტუალიზმის დიამეტრალურად დაპირისპირებულ სამყაროებს შორის კავშირებით მისმა მუდმივმა გატაცებამ განაპირობა მისი ხელოვნების სპეციფიკა.

1980-იანი წლების ნიუ-იორკში, ოუსლერი სპეციალიზირებული იყო ჰალუცინოგენურ დრამატურგიასა და რადიკალურ ფორმალურ ექსპერიმენტირებაზე. იყენებდა ანიმაციას, მონტაჟს და ცოცხალ მოქმედებას. ოუსლერი ხატავდა დეკორაციებს და მერე იღებდა კამერაზე, იმისთვის, რომ დაენახა როგორ ცვლის ლინზა სივრცეს . მოძრავი ობიექტის გადაღებისას ძველი კამერა ტოვებდა კვალს, როგორც მოჩვენება და ეს აღაფრთოვანებდა ახალგაზრდა მხატვარს. ვიდეო, რომელიც სწრაფ რეზულტატს იძლეოდა შეესაბამებოდა ოუსლერის ტემპერამენტს. ნიუიორკში ოუსლერი 1980 იანი წლების დასაწყისში დაბრუნდა და გახდა გალერეა ElectronicArts Intermix მხატვარი. ეს გალერეა თანამშრომლობდა ნამ ჯუი პაიკთან და ფუნქციონირებდა, როგორც დისტრიბუტორი. ევროპაში ვიდეოარტით უფრო ადრე დაინტერესდნენ ვიდრე ამერიკაში 1985 წლისთვის ოუსლერის ნამუშევრები წარმოდგენილი იყო პომპიდუს ცენტრში და ამსტერდამის მუზეუმში. გადამწყვეტი გახდა 1992 წელი, დოკუმენტას ფესტივალი კასელში, სადაც გაიყიდა რამოდენიმე მისი ნამუშვარი.

1957 წელს მანჰეტენზე დაბადებული ტონი ოუსლერი კრეატიულ გარემოში იზრდებოდა. ბაბუა იყო ცნობილი ბესთსელერის "The Great Story Ever Told", ავტორი. ბებია წერდა სცენარებს ჰოლივუდისთვის, ხოლო მამა იყო ცნობილი ჟურნალ Reader’s Digest-ს რედაქტორი 30 წლის განმავლობაში. მართალია ოურსლერი არ იზიარებდა ამ გამომცემლობის პოლიტიკას, მაგრამ ამ ადამიანებთან ურთიერთობამ იმოქმედა მის შემოქმედებაზე. მაგალითად, მისი ვიდეოების მონოლოგების სტილისტიკაზე და გააღვივა მისი ინტერესი პოპ კულტურის მიმართ. ოუსლერი კალიფორნიის Cal Arts უნივესტეტში სწავლობდა. მისი პედაგოგები იყვნენ ჯონ ქეიჯი, ჯო ბალდესარი, ლაურ ანდერსონი ხოლო თანაკურსელები მაიკ კელი და სიუ ვილიამსი.

„ჩემი ადრეული იდეა იმის შესახებ, თუ რა შეიძლება იყოს ხელოვნება ჩემი თაობისთვის, იყო აფეთქებული ტელევიზია“.

ტონი ოურსლერი

ამერიკაში პირველი ინსტიტუცია, რომელმაც დაუკვეთა, დიგიტალური ხელოვნების პროექტი იყო - Dia Center for the Arts და ეს იყო ტონი ოუსლერის პროექტი Fantastic Prayers (1995). ინტერნეტ პროექტი, თავიდან ჩაფიქრებული იყო, როგორც პერფორმანსი, რომელიც დიას გალერეის დენ გრეჰემის მიერ დაპროექტებულ სახურავის სივრცეში უნდა გამართულიყო. Fantastic Prayers, მულტიმედიური პროექტია, რომელიც: ბგერის, ტექსტის და იმიჯების საშუალებით აღიქმება. ავტორი წარმოგვიდგენს ადგილს სახელწოდებით არკადია და მის ახალგაზრდა მაცხოვრებლებს, რომლებიც არსებობენ გაჩერებულ იდილიურ სივრცეში. ამ იდილიას არღვევს გარედან დანერგილი სხვა ფიგურა, სხვა ხმა, რომელიც რეპრეზენტირებს იმას რაც არკადიის მიღმა არსებობს - ანუ დროს, მახსოვრობას და სიკვდილს. Fantastic Prayers იხმობს მაყურებელს რვა ჯადოსნურ გარემოში სამოგზაუროდ. ვიზიტორი, როგორც არქეოლოგი იწყებს გათხრებს და იკვლევს ნარატივის ფრაგმენტებს, რომლებიც დატვირთულია ფიზიკური და ფსიქოლოგიური ისტორიებით. ემპათიის ბორბლის გარემო გაძლევთ საშუალებას მსახიობ ტრეისი ლეიპოლდის ემოციებით ითამაშოთ სამგანზომილებიანი დასახლებული მოლაპარაკე კედლების გარემოში ვიზიტორს აღმოჩენების კასკადი ელოდება.

Tony Oursler Fantastic Prayers 1995
Constance De Jong
Tony Oursler
Stephen Vitiello
Fantastic Prayers, Dia Center for the Arts

2001 წელს ტონი ოუსლერის პროექტი Time Stream “დროის ნაკადი” უკვე ნიუ იორკის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმმა წარმოადგინა. ეს იყო ფართე დიაპაზონის ვებ გვერდი და თანამედროვე ხელოვნების მუზეუმის პირველი ინტერაქტიული ქსელური ხელოვნების ნიმუში. დროის ნაკადი წარმოადგენდა ონლაინ ვიზიტორების დროის ოპტიკურ გრაფიკს. ოუსლერისთვის ჩვეული ფანტასმაგორიული კვლევა და უნიკალური ინფორმაცია, აქეზებდა დამთვალიერებელთა ცნობისმოყვარეობას. “დროის ნაკადის” თემა იყო ტელეკომუნიკაციის ჩრდილოვანი ისტორია, თხრობა იწყება პროლოგით და შემდეგ დაყოფილია რამოდენიმე ეტაპად: 1814-1900; 1901-1944; 1945-1958; 1959-2000. აქ უხვად არის რეფერენციები ადრინდელ ტექნოლოგიებზე. კამერა ობსკურა, ლეიდენის ქილა , კალეიდოსკოპი და რენდგენის სხივები არტისტის მიერ განიხილება, როგორც დღევანდელი ვებ არტის, თანამგზავრების, და მობილურების წინაპრები. თავის ნამუშევრებში ოუსლერი გვაჩვენებს, თუ როგორ იყენებს ინდივიდი ტექნიკურ სიახლეს თავისი მიზნებისთვის. მისი თემებია: ოცნება, სიკვდილი, მოჩვენება, ფსიქიური გამოცდილება.

„კათოლიკურმა ეკლესიამ გამიხსნა სიცოცხლის მისტიური მხარე, რომელიც გვიცავს ტექნომატერიალიზმისგან“
ტონი ოურსლერი

ოუსლერის ნამუშევრებში მასალების და ფაქტურების ფართო სპექტრია: რეზინა, მინა, ტექსტილი, ფოლადი, ჩამოსხმული საგნები. ეს მრავალფეროვნება კალეიდოსკოპიურად არის შერწყმული სინათლესა და ხმასთან, რის შედეგადაც ხდება ავტორის იდეების უნიკალური განსახიერება - მოძრავი გამოსახულების პროექცია ობიექტებზე. ოუსლერი სცილდება კინოს, ტელევიზიისა და კომპიუტერის შესაძლებლობების ტრადიციულ გამოყენებას და ქმნის თავისებურ "ცოცხალ" ქანდაკებებს. წლების განმავლობაში ის იკვლევს მას მედიის - ტელევიზიის და ციფრული კომუნიკაციების ადამიანის ფსიქიკაზე გავლენას. მაგრამ, ის არ კმაყოფილდება მხოლოდ თავისი ძიებებით მისი მიზანია თქვენც დაგაფიქროთ. ისევე როგორც Fantastic Prayers პროექტში დამთვალიერებელი ხდება არქეოლოგი და მკლევარი - ანალოგიურად მის სხვა პროექტებში ჩვენ მაყურებლები, ვირგებთ იმ საკითხის მკლევარის როლს, რომელიც ოუსლერის მიერ წინასწარ არის განსაზღვრული.

უახლესი ტექნოლოგიებისა და კულტურის განვითარების ურთიერთკავშირი

Software Studies Initiative ლაბოროტორიის ხელმძღვანელობის პერიოდში ის იკვლევდა, როგორ ცვლის ჩვენს ცხოვრებას პროგრამული უზრუველყოფა. მანოვიჩმა კულტურის კვლევა კომპიუტერული ანალიზის უფრო ზუსტად კი მონაცემთა ბაზის საშუალებით დაიწყო. თავის ცნობილ ნაშრომში ახალი მედიის ენა (Manovich L. The Language of New Media. The MIT Press, 2002) მანოვიჩი გვთავაზობს ავტორობის, როგორც არჩევითობის კონცეფციას. კომპიუტერულ კულტურაში ორიგინალური კრეატიულობა ჩანაცვლებულია მენიუდან შერჩევის პროცესით. ფაქტიურად ეს არის პოსტმოდერნისტული დამოკიდებულების გადატანა ახალ სფეროში. ავტორის შემოქმედებითი ენერგია მიმართულია ელემენტების ორგანიზებაზე, უფრო ვიდრე მათ შექმნაზე. ამოღება ელემენტების მონაცემთა ბაზიდან და ბიბლიოთეკებიდან გახდა წესი, ახალი ელემეტების შექმნა კი გამონაკლისი. მანოვიჩი გონებამახვილურად აღნიშნავს, რომ განსხვავება ინდუსტრიალურ და ინფორმაციულ საზოგადოებას შორის არის ის, რომ უკანასკნელში შრომა და დასვენება იყენებს ერთსა და იმავე კომპიუტერულ ინტერფეისს. ეს ახალი უფრო ახლობელი დამოკიდებულება შრომასა და დასვენებას შორის მოასწავებს უფრო ახლო დამოკიდებულებას ავტორსა და მკითხველს შორის ან უფრო რომ განვაზოგადოთ - კულტურის მწარმოებლებსა და მომხმარებელს შორის. ეს არ ნიშნავს, რომ ახალი ტექნოლოგიები სრულად გააუქმებენ განსხვავებას მწარმოებელსა და მომხმარებელს შორის და რომ თითოეული ახალი ტექსტი ხდება როლან ბარტის წაკითხვადი ტექსტის მაგალითი (“readеrly text”).

TIMELINE by Lev Manovich
Watching the World by Lev Manovich

ერთ-ერთ მნიშვნელოვან თავისებურებად მანოვიჩი განიხილავს კომპიუტერული პროგრამების ხელმისაწვდომობას. პროფესიონალებისთვის და მოყვარულებისთვის განკუთვნილი პროგრამები ფასითაც და ფუნქციურადაც დიდად არ განხვავდებიან. მაშინ, როდესაც 35 მმ. და 8 მმ ფირები და მათი ექსპლუატაციის ფასები ან პროფესიული ვიდეოს ისეთი ფორმატები როგორიც იყო: D-1 და Beta SP; სამონტაჟო პულტები და მიქშერები ათასობით დოლარი ღირდა. მანოვიჩი თვლის, რომ ახალმა ტექნოლოგიებმა არ შეცვალა პროფესიონალებსა და მოყვარულებს შორის ურთიერთდამოკიდებულების ბუნება. განსხვავება დარჩა, თუმცა გაცილებით შემცირდა. მანოვიჩის აზრით ის ყოველთვის იარსებებს, მხარდაჭერილი თავად პროფესიონალების მიერ, იმისთვის რომ გადარჩეს. მაგალითად ფოტოგრაფიის, კინოსა და ვიდეოსთან მიმართებაში ამ განსხვავებაში ჩართულია : ტექნოლოგია, ოსტატობა და ესთეტიკა.

"ვინაიდან ახალ რეალობაში “პროფესიონალური” ტექნოლოგიები სულ უფრო ხელმისაწვდომია, თავად პროფესიონალები ქმნიან სტანდარტებს, ფორმატებს თავის სტატუსის შესანარჩუნებლად. ახალი ფუნქციების დამატება ვებ დიზაინში, რომელიც მოჰყვა HTML დებიუტს 1993 წელს-ინტერაქტიული ღილაკები და მენიუ, DHTML XML, Javscript Java applet განპირობებული იყო პროფესიონალების მიერ გამოყენებული სტრატეგიით, იმისთვის, რომ იყვნენ ჩვეულებრივ მომხმარებლებზე წინ". (Manovich L. The Language of New Media. The MIT Press, 2002)

ამის კარგი მაგალითია კომპიუტერული თამაშები. კომპანია უშვებს ე.წ. “დონეების რედაქტორებს” იმისთვის, რომ მისცეს მოთამაშეს საშუალება შექმნას საკუთარი გარემო. სხვა პროგრამული უზრუნველყოფა იწერება მესამე პირის მიერ ან თამაშის თაყვანისცემლების მიერ დამოუკიდებლად. ამ ფენომენს “game patching-ს” უწოდებენ, ის ცვლის თამაშის საწყის კოდს. სწორედ ის გადაიზარდა 1990-იან წლებში ჰაკერული ხელოვნების პოპულარულ სახეობად, რომელზეც შემდეგ თავებში ვისუბრებთ.

TIMELINE by Lev Manovich
Watching the World by Lev Manovich
Lev Manovich
On Totalitarian Interactivity

კომპიუტერულ მონაცემთა ბაზებს ადრინდელი ფორმებისგან განასხვავებს (ფოტო ალბომი, არქივი, ბიბლიოთეკა და სხვ.) მასშტაბი. ძველი ფორმები მოიცავენ განსაზღვრულ რაოდენობას, რომელთანაც მომხმარებელს პირდაპირი წვდომა აქვს. მაგრამ, თუ კი ჩვენ მილიონობით ჩანაწერთან გვაქვს საქმე მას ვეღარ გავწვდებით თვალით, აქ ჩვენ გვჭირდება კომპიუტერული ტექნოლოგიები. ახალ მედია ხელოვნებაზე საუბრისას მანოვიჩი აკეთებს კონკრეტულ მინიშნებას ჩვენ არ უნდა ველოდოთ ინტერნეტ ხელოვანებისგან ნაციონალურ სკოლებს. ეს ეწინააღმდეგება თავად ინტერნეტის პრინციპს. მანოვიჩის აზრით ინტერნეტი ფუნქციონირებს, როგორც მოდერნიზაციის საშუალება. მაგალითად, ისე, როგორც სხვა კომუნიკაციის საშუალებები მოქმებდებდნენ ადრე: ფოსტა, ტელეფონი, რადიო. ინტერნეტი არის გზა ერთიან სოციო-ლინგვისტურ სივრცეში, რომელიც განისაზღვრება ანგლოევროპული ლექსიკონით. ეს არის საშუალება, ამბობს მანოვიჩი სხვადასხვა ადგილას მაცხოვრებელი ადამიანებისთვის მოხვდნენ თანამედროვეობაში – ჰომოგენურ სივრცეში: ვალუტის გაცვლის, კომპაქტ დისკების, კოკა კოლას რეკლამის, მაღაზიების და მარადიული ახალგაზრდობის. ის არის სიმბოლო მოძრაობის და მუდმივი ცვლილებების, სიმბოლო უკან მორჩენილი ფესვებისა და ტრადიციების, სივრცე სადაც ყველაფერი შეიძლება კონვერტირედეს ფულად ნიშნად ისევე, როგორც კომპიუტერს შეუძლია ყველაფრის კონვერტაცია ბიტებში. ქსელი მოდერნიზაციის მოქმედი ძალაა, ისევე, როგორც მისი მშვენიერი მეტაფორა. ესე რომ ჩვენ არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ ნეტ არტის ტიპური პროექტი შექმნილია, ის ოსლოში თუ ბერლინში, ბუქარესტსა თუ ოდესაში კომუნიკაციის მატარებელია. ნეტ არტის პროექტები სოციალური ქსელების მატერიალიზაციაა. ეს არის გზა ახალგაზრდებისთვის სხვადასხვა ქვეყნებიდან გახდნენ ქსელის აგენტები.

მანოვიჩი კრიტიკულად აფასებს ნეტ არტის გასერიოზულოებას და ასკვნის სხვა სიტყვებით თუ “სწორი” მოდერნისტული მხატვრობა ხასიათდება აბსოლუტური თვითკმარობით, საპირისპიროდ “სწორი” ნეტ არტის პროექტი დაკავშირებულია ქსელის ღიაობასთან