თანამედროვე ხელოვნება 1945 წლიდან
ფორმირება - პროცესები და მოვლენები

ნინო გედევანიშვილი

ხელოვნება საშუალებაა, რომელსაც ადამიანები იდეების გამოსახატავად და გასავრცელებლად საუკუნეების განმავლობაში იყენებენ. ის პერსონალური და საჯარო კომუნიკაციის მნიშვნელოვანი ფორმაა და, აქედან გამომდინარე, დემოკრატიის მნიშვნელოვანი მედიუმი.

თანამედროვე ხელოვნება დაკავშირებულია გლობალიზებულ საზოგადოებაში მიმდინარე პროცესებთან. ხელოვნება არ ცნობს საზღვრებს და ხელს უწყობს კრეატიული და კრიტიკული აზროვნების განვითარებას. მისი გავლენა ვლინდება არა მარტო ინდუსტრიებში, რომლებსაც ის კვებავს, არამედ განათლებაში, კულტურასა და საზოგადოებაში. მხოლოდ ფართო თვალსაწიერის მქონე ადამიანი შეიძლება იყოს თავისუფალი და მხოლოდ თავისუფალი აზროვნების მქონე და თავისუფლების ფასის მცოდნე ადამიანებს ესმით დემოკრატიის მნიშვნელობა და ღირებულება. ჩვენი პროექტიც ამას ისახავს მიზნად. თანამედროვე ხელოვნების წინამდებარე სახელმძღვანელოს მიზანი, ე.წ. დიდი სურათის (Big Picture) თვალთახედვიდან, - პირდაპირ უკავშირდება საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის მისიას, რაც დემოკრატიის, ლიბერალური ღირებულებებისა და თავისუფლების იდეალების დამკვიდრებას გულისხმობს.

სახელმძღვანელოში თანამედროვე ხელოვნების ისტორია (1945 წლიდან დღემდე) განხილული იქნება, როგორც დემოკრატიისთვის ბრძოლის ისტორია. ის მისცემს მკითხველს საშუალებას, გაეცნოს ინფორმაციას, რომელიც წლების განმავლობაში კონვენციური დისკურსის მიღმა რჩებოდა. სახელმძღვანელოში განხილულია თანამედროვე ხელოვნების განვითარების ეტაპები, მხატვრულ მოვლენათა ჯაჭვი, ურთიერთკავშირები და დეკონსტრუქცია. წიგნის ძირითადი თემები აცნობს მკითხველს თანამედროვე ხელოვნების ისტორიას მეორე მსოფლიო ომის შემდგომი პერიოდიდან - დღემდე. შინაარსითა და ფორმით ეს წიგნი არ არის ენციკლოპედიური ან ლინეარული ტიპის ხელოვნების ისტორიიის „ტრადიციული“ სახელმძღვანელო. ის წარმოადგენს დამოუკიდებელ ესეთა კრებულს თანდართული ვიზუალური მასალით. წიგნის კონტენტი ავტორის 20-წლიანი კვლევის, დაკვირვების, სწავლების შედეგების შტუდირების ნაყოფია. მე-20 და 21-ე საუკუნეების ხელოვნების ისტორია, ჩვენს შემთხვევაში, ავტორის მიერ ინტერპრეტირებულია ისე, რომ სტუდენტებმა შეძლონ თეორიული ცოდნის კონვერტირება პრაქტიკაში. მოახერხონ იდენტიფიკაცია, აღწერა და ანალიზი პრობლემების, რომელებიც უკავშირდება თანამედროვე ხელოვნების შექმნის პროცესს, იმ მნიშვნელოვანი სოციალური, ეკონომიკური, პოლიტიკური საკითხების ჩათვლით, რომლებმაც განაპირობა ამ პეროიდის ხელოვნების ფორმირება.